მოგესალმებით


სკოლის ისტორია

   1888 წელს ჯვარში გაიხსნა პირველი სამრევლო სკოლა, მისი დამაარსებელი და პირველი მასწავლებელი იყო მღვდელი ზებედე გეთია. სკოლას საკუთარი შენობა არ გააჩნდა.
   ზუგდიდის ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალების მიხედვით 1894 წელს სკოლას უკვე აქვს საკუთარი სასკოლო შენობა - ერთი ოთახი,გამგე - მღვდელი ზებედე შონია.   სკოლაში იყო სამი ჯგუფი:უფროსი ჯგუფი - სამი მოსწავლე, საშუალო ჯგუფი - ორი მოსწავლე და უმცროსი ჯგუფი 19 მოსწავლე.
  მუზეუმის დირექტორის პლატონ ჯიშკარიანის წერილში ნათქვამია, რომ 1893 წელს ჯვარის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა:სოფ. ჯვარი, ხუდონი, ლეშამგე, ჩქვალერი, ეწერი - 3108 მცხოვრები, მათ შორის სასკოლო ასაკის  - 311.
   1902 წელს მოსახლეობიდან შეგროვილი სახსრებით აშენდა ხის ერთსართულიანი შენობა, ხოლო 1907 წელს - ხის 8-ოთახიანი შენობა, სადაც მოთავსდა ორკლასიანი დაწყებითი სკოლა 4 ჯგუფით.
   1921 წლის აპრილში საქართველოს რევკომის დეკრეტით სახელმწიფოსგან გამოიყო ეკლესია და ეკლესიისგან სკოლა. 1922 წელს ჯვარის ორკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა შვიდწლედად. 1925 წელს შვიდწლედი დაამთავრა 15-მა ახალგაზრდამ.
   1927-30 წლებში სკოლას ეწოდებოდა კოლმეურნე ახალგაზრდობის სკოლა.
   1930 წელს მოხდა შენობის რეკონსტრუქცია,მაგრამ 1930 წლის 31 აგვისტოს შენობა დაიწვა და სკოლას არ გააჩნდა საკუთარი შენობა.
   1934 წელს მოსახლეობის სახსრებით დაიწყო მშენებლობა და 1936 წელს ჯვარის არასრული საშუალო სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად, რომლის პირველი გამოშვება იყო 1939 წელს.
   1939-1970 წლებში სკოლა დაამთავრა და საშუალო განათლების ატესტატი აიღო 709 ახალგაზრდამ,მათ შორის ვერცხლისა და ოქროს მედალზე 24-მა.
   ჯვარში ენგურჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით 1961 წლიდან ცხოვრობდა 18 ეროვნების ადამიანი, ამიტომაც საჭირო გახდა სკოლაში გახსნილიყო რუსული სექტორი, რომლის პირველი გამოშვება შედგა 1966 წელს.
   1966 წელს ენგურჰესის მშენებლებმა ააშენეს და სკოლას გადასცეს 3 სართულიანი ტიპიური შენობა საუკეთესოდ აღჭურვილი კაბინეტ ლაბორატორიებით, ხოლო 1978 წელს სკოლა გადავიდა ახალ 4 სართულიან შენობაში, რომელიც ისევ ენგურჰესის მშენებლებმა ააგეს.
  სკოლას ეწოდა ქ. ჯვარის მელიტონ ქანთარიას სახელობის #1 საშუალო სკოლა. სკოლის კუთვნილი სამსართულიანი შენობა დაიკავა ჯვარის რუსულმა სკოლამ, რომელიც გამოეყო #1 სკოლას. დროთა განმავლობაში, მშენებლობის დამთავრებისთანავე, როდესაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჯვარში თითქმის აღარ იყო, აღნიშნული სკოლა გადაკეთდა ჯვარის #3 ქართულ სკოლად.
   2007 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლას ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოების I და II ეტაპი, ხოლო 2011 წელს სკოლის სასწავლო კორპუსის რემონტი დააფინანსა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.
 

Популярные сообщения